ინტრანეტი ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის

ინტრანეტ-სისტემა ივლისი, 2008

ტელეკომპანია რუსთავი2 ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ქართული კომპანიიდან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებას საკუთარ საქმიანობაში. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შიდა ინტრანეტ-პორტალის შეძენა და დანერგვა გადაწყვიტა. :)

რუსთავი2 დიდი კომპანიაა; მას უამრავი თანამშრომელი ყავს, რომელთა მუდმივად ინფორმირებულობა და შიდა კომუნიკაციის გაადვილება უმთავრესი ამოცანაა. რამოდენიმე სტუდიაში, შენობაში, ქალაქში და, ხანდახან, ქვეყანაშიც კი გადანაწილებული თანამშრომლებისთვის, სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, ფაილების მიმოცვლა და კომპანიის მუშაობის შესახებ მუდმივად საქმის კურსში ყოფნა — უმიშვნელოვანესია.

ომედიაში შექმნილი სისტემა ყველა არსებულ პრობლემას კიდევ უფრო მარტივად გადასაჭრელს ხდის. შიდა პორტალი კომპანიის თანამშრომლებისთვის — ეს უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიაში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვისაა შექმნილი.
მოხერხებული და მარტივად აღსაქმელი ინტერფეისი საშუალებას იძლევა, სისტემა სპეციალური ტრენინგების გარეშეც კი დაინერგოს.

სისტემაში კომპანიის HR-ის მიერ მუდმივად ნახლდება თანამშრომლების მონაცემთა ბაზა. ყოველ თანამშრომელს, საკუთარი სახელისა და პაროლის გამოყენებით, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეუძლია შევიდეს რუსთავი2-ის ინტრანეტში.

ინტრანეტის პირველი გვერდიდან თვალის ერთი გადავლებით შეიძლება გაიგო რა ახალი ამბებია კომპანიაში, რა იგეგმება უახლოეს მომავალში ან ვინ არის ამჟამად სისტემაში, შენთან ერთად. დაბადების დღეების ბლოკით კი არცერთი კოლეგისთვის არ დაგავიწყდება მისალოცი მესიჯის გაგზავნა. :)

რუსთავი2-ის ინტრანეტი, პირველი გვერდი

გარდა ამისა, ინტრანეტის მომხმარებლებს კიდევ უამრავი სხვა ინსტრუმენტი აქვთ სამუშაოს გაადვილებისა და, ხანდახან, გახალისებისთვის.

ყოველ თანამშრომელს საკუთარი პირადი გვერდი აქვს, პროფილის მსგავსი, სადაც თავად შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია, წაიკითხოს კოლეგების მიერ დატოვებული კომენტარები და იქვე უპასუხოს სასურველ მათგანს.

სისტემაში არსებული ორი კალენდრის საშუალებით, შესაძლებელია მოვლენების დამატება როგორც საჯაროდ გამოჩენისთვის, ისე პირადი მიზნებისთვის. პირადი კალენდარი ერთგვარი ორგანაიზერის მსგავსია, რომელთანაც წვდომა თითქმის ნებისმიერი ადგილიდან გაქვს.

რუსთავი2-ის ინტრანეტი - თანამშრომლების ბაზა, პირადი გვერდი და მოვლენების კალენდარი

ინტრანეტის ფაილების საცავი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტია. ყველა მომხმარებლის პირადი საქაღალდის გარდა, ვირტუალური საქაღალდეების შექმნა ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი. მისი საშუალებით ფაილების მიმოცვლა ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი პროცესია, დაწყებული კორპორატიული დოკუმენტებით და დამთავრებული მივლინების ფოტოებით. :)

გარდა ჩამოთვლილისა, ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ ჩეთის, კომპანიის შიდა ტელეფონის ნომრების ბაზის, პირადი მესიჯების, კონტაქტების სიისა და დაცული საქაღალდეების მოდულები.

—  სურათებზე ნაჩვენები კონტენტი რეალური არ არის, იგი მხოლოდ ვიზუალური შემავსებელია.

English